ნატო-საქართველოს კომისია

  • Last updated 15 Dec. 2022 13:08

ნატო-საქართველოს კომისია (NGC) შეიქმნა 2008 წლის სექტემბერში, როგორც პილიტიკური კონსულტაციების და პრაქტიკული თანამშრომლობის ფორუმი საქართველოს დასახმარებლად ნატოში გაწევრიანების მიზნის მიღწევის გზაზე.

Georgia and NATO relations - flags on black

2008 წლის 15 სექტემბერს, ქალაქ თბილისში ნატოს გენერალურმა მდივანმა და საქართველოს პრემიერ მინისტრმა ხელი მოაწერეს ჩარჩო დოკუმენტს, რომლითაც მოხდა ახალი ორგანოს ჩამოყალიბება. შემდგომ გაიმართა საზეიმო ცერემონია ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტისას საქართველოში.

NGC მიზნად ისახავს პოლიტიკური დიალოგის და თანამშრომლობის გაღრმავებას ნატოსა და საქართველოს შორის ყველა შესაბამის დონეზე.

იგი აგრეთვე  ზედამხედველობს პროცესს, რომელსაც სათავე დაედო ბუქარესტის 2008 წლის აპრილის სამიტზე, სადაც ალიანსის მოკავშირე ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. ნატო-საქართველოს კომისია დღესაც აგრძელებს ქვეყნის ნატოში გაწევრიანებაზე მიმართული ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების ჭრილში განხორციელებული ძალისხმევის მხარდაჭერას პოლიტიკური, ეკონომიკური და თავდაცვასთან დაკავშირებული რეფორმების წინ წასაწევად, ძირეულ დემოკრატიულ და ინსტიტუციურ მიზნებზე ყურადღების გამახვილებით.

იგი ასევე შეიქმნა ალიანსის იმ ძალისხმევის კოორდინაციის მიზნით, რომელიც მიზნად ისახავს დაეხმაროს საქართველოს 2008 წლის აგვისტოში რუსეთთან მომხდარი კონფლიქტის შემდგომ აღდგენაში. NGC დღესაც წარმოადგენს პლატფორმას, სადაც ალიანსის მოკავშირე ქვეყნები და საქართველო მსჯელობენ კონფლიქტის გადაწყვეტაზე.

მონაწილეობა

NGC-ში წარმოდგენილია ნატოს ყველა წევრი ქვეყანა და საქართველო, კომისია რეგულარულად იკრიბება ელჩების და სამხედრო ატაშეების დონეზე, ხოლო პერიოდულად იმართება შეხვედრები მინისტრების და შტაბის უფროსების დონეზე.

მაღალი დონის შეხვედრებს NGC-ში ამზადებს NGC-ის სტრუქტურაში არსებული  პოლიტიკური კომიტეტი. აღნიშნულ ფორმატში გამართული შეხვედრები ასევე წარმოადგენს ფორუმს საერთო ინტერესების სფეროში შემავალი პოლიტიკური და უსაფრთხოების საკითხებზე აზრების გაცვლისთვის და საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობის მომზადებისა და შეფასებისთვის.

ნატო-საქართველოს კომისიის საქმიანობა

NGC წარმოადგენს ფორუმს კონსულტაციების გასამართად ალიანსის მოკავშირეებსა და საქართველოს შორის საქართველოში მიმდინარე რეფორმების თაობაზე, ნატოს მიერ ამ პროცესისადმი გაწეულ დახმარებაზე და საერთო ინტერესების სფეროში შემავალ უსაფრთხოების საკითხებზე.

2008 წლის დეკემბერში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიიღეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო გაეძლიერებინათ მუშაობა NGC-ის ფარგლებში წლიური ეროვნული პროგრამის (ANP) მეშვეობით. ANP-მ, რომელიც საბოლოო სახით ჩამოყალიბდა 2009 წლის გაზაფხულზე, ჩაანაცვლა ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა (IPAP), რომლის მეშვეობითაც წარიმართებოდა ნატო-საქართველოს თანამშრომლობა 2004 წლიდან.

ნატო-საქართველოს კომისია ასევე მიმოიხილავს თანამშრომლობით აქტივობებს, რომლებიც ხორციელდება  „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ პროგრამაში საქართველოს მონაწილეობის და ასევე სამხედრო სტრუქტურებს შორის ურთიერთობის ფარგლებში.