ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულება

ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი - 4 აპრილი, 1949 წ.

  • 04 Apr. 1949 -
  • |
  • Last updated 03 Jul. 2024 10:56

ხელშეკრულების მონაწილე მხარეები ადასტურებენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებით გათვალისწინებული მიზნებისა და ამოცანებისადმი ერთგულებას და მსოფლიოს ხალხებთან და მთავრობებთან მშვიდობიან გარემოში თანაცხოვრების სურვილს. მოწოდებულნი არიან, დაიცვან მათი ხალხების თავისუფლება, საერთო მემკვიდრეობა და ცივილიზაცია, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიის, პიროვნების თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის პრინციპებზე. ესწრაფვიან, ხელი შეუწყონ ჩრდილოატლანტიკურ სივრცეში სტაბილურობასა და კეთილდღეობას. გამოხატავენ მტკიცე ნებას, რომ საერთო ძალისხმევით უზრუნველყონ კოლექტიური თავდაცვა და შეინარჩუნონ მშვიდობა და უსაფრთხოება.

შესაბამისად, ისინი თანხმდებიან აღნიშნულ ჩრდილოატლანტიკურ ხელშეკრულებაზე:

მუხლი 1

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების შესაბამისად, მხარეები იღებენ ვალდებულებას, მშვიდობიანად მოაგვარონ ნებისმიერი საერთაშორისო დავა, რომელშიც ისინი შეიძლება იყვნენ ჩართულნი, იმგვარად, რომ საფრთხე არ შეექმნას საერთაშორისო მშვიდობას, უსაფრთხოებასა და სამართლიანობას. ამასთანავე, თავი შეიკავონ საერთაშორისო ურთიერთობებში ძალის გამოყნების მუქარის ან ძალის გამოყენებისაგან, რაც რაიმე ფორმით შეუსაბამოა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიზნებთან.

მუხლი 2

მხარეები ხელს შეუწყობენ მეგობრული და მშვიდობიანი საერთაშორისო ურთიერთობების შემდგომ განვითარებას თავისუფალი ინსტიტუტების გაძლიერებით, იმ პრინციპების უკეთ გააზრების ხელშეწყობით, რომელსაც ეს ინსტიტუტები ეფუძნება, ასევე, სტაბილურობისა და კეთილდღეობის პირობების ხელშეწყობით. მიისწრაფვიან, აღმოფხვრან დაპირისპირება მათ მიერ გატარებულ საერთაშორისო ეკონომიკურ პოლიტიკაში და წაახალისონ ეკონომიკური ურთიერთთანამშრომლობა ნებისმიერ ან ყველა მათგანს შორის.

მუხლი 3

ხელშეკრულების მიზნების უფრო ეფექტიანად მისაღწევად, მხარეები ინდივიდუალური და ერთობლივი ძალისხმევით, განგრძობადი და ეფექტიანი საშუალებებით, საკუთარი შესაძლებლობების განვითარებით და ურთიერთდახმარებით, შეინარჩუნებენ და განავითარებენ ინდივიდუალურ და კოლექტიურ შესაძლებლობებს, რომ წინააღმდეგობა გაუწიონ შეიარაღებულ თავდასხმას.

მუხლი 4

მხარეები ერთობლივად გამართავენ კონსულტაციებს, მაშინ, როდესაც რომელიმე მათგანი მიიჩნევს, რომ მის უსაფრთხოებას, ტერიტორიულ მთლიანობას ან პოლიტიკურ დამოუკიდებლობასა საფრთხე ემუქრება.

მუხლი 5

მხარეები თანხმდებიან, რომ ევროპის ან ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიაზე, ერთ ან რამდენიმე მათგანზე თავდასხმა უნდა იქნას განხილული, როგორც თავდასხმა ყველა მათგანზე. შესაბამისად, ისინი თანხმდებიან, რომ ასეთი თავდასხმის შემთხვევაში, მხარეები, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების 51-ე მუხლით აღიარებული ინდივიდუალური ან კოლექტიური თავდაცვის უფლებით სარგებლობის ფარგლებში, დაეხმარებიან თავდასხმის მსხვერპლ მხარეს ან მხარეებს, დაუყოვნებლივ, ინდივიდუალურად, და ასევე, სხვებთან კოორდინაციით,  ისეთი ქმედებებით, როგორიც მიჩნეული იქნება საჭიროდ, მათ შორის, სამხედრო ძალის გამოყენებით, რათა აღდგენილი და შენარჩუნებული იქნას ჩრდილოატლანტიკური სივრცის უსაფრთხოება.
ასეთი შეიარაღებული თავდასხმისა და საპასუხო ზომების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება უშიშროების საბჭოს. აღნიშნული ზომების განხორციელება შეწყდება უშიშროების საბჭოს მიერ საერთაშორისო მშვიდობის და უსაფრთხოების აღდგენისა და შენარჩუნების მიზნით შესაბამისი ზომების მიღებისთანავე.

მუხლი 6 (1)

ხელშეკრულების მე-5 მუხლის მიზნებისთვის, მხარეზე ან მხარეებზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმა მოიაზრებს შეიარაღებულ თავდასხმას:

  • ხელშეკრულების მონაწილე ნებისმიერი მხარის ტერიტორიაზე ევროპაში ან ჩრდილოეთ ამერიკაში, საფრანგეთის ალჟირის დეპარტამენტებზე (2), თურქეთის ტერიტორიაზე ან ნებისმიერი მონაწილე მხარის იურისდიქციის ქვეშ არსებულ კუნძულებზე, რომლებიც მდებარეობენ ჩრდილოატლანტიკური სივრცის კირჩხიბის ტროპიკის ჩრდილოეთით.
  • ხელშეკრულებაში მონაწილე მხარის შეიარაღებულ ძალებზე, გემებსა და საჰაერო ხომალდებზე, რომლებიც განთავსებულია ამ ტერიტორიებზე ან ევროპის ნებისმიერ სხვა ნაწილში, სადაც ხელშეკრულების ძალაში შესვლის დროს, ხელშეკრულების მონაწილე რომელიმე მხარის საოკუპაციო ძალები იყვნენ განლაგებულნი, ან ხმელთაშუა ზღვის, ან ჩრდილოატლანტიკურ სივრცეში კირჩხიბის ტროპიკის ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორიებზე.

მუხლი 7

ხელშეკრულება არ ახდენს გავლენას და არ უნდა იქნას ინტერპრეტირებული იმგვარად, რომ  ზეგავლენა იქონიოს მხარეების, როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრების უფლებებსა და ვალდებულებებზე, რომელიც გათვალისწინებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიით, ან უშიშროების საბჭოზე დაკისრებულ ძირითად პასუხისმგებლობაზე, შეინარჩუნოს საერთაშორისო მშვიდობა და უსაფრთხოება.

მუხლი 8

თითოეული მხარე აცხადებს, რომ რომელიმე სხვა მხარესთან ან მესამე სახელმწიფოსთან მის მიერ ნაკისრი, მოქმედი არცერთი საერთაშორისო ვალდებულება არ ეწინააღმდეგება ამ ხელშეკრულების დებულებებს და იღებს ვალდებულებას, არ შევიდეს ისეთ საერთაშორისო შეთანხმებებში, რაც წინააღმდეგობაში მოვა ამ ხელშეკრულებასთან.

მუხლი 9

აღნიშნული ხელშეკრულების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის მიზნით, ხელშეკრულების მონაწილე მხარეები აფუძნებენ საბჭოს, რომელშიც თითოეული მხარე იქნება წარმოდგენილი. საბჭო ისე უნდა იყოს ორგანიზებული, რომ დაუყოვნებლივ შეიკრიბოს ნებისმიერ დროს. საბჭომ საჭიროების შესაბამისად, შესაძლებელია ჩამოაყალიბოს სხვა დაქვემდებარებული ერთეულები, კერძოდ, დაუყოვნებლივ უნდა შეიქმნას თავდაცვის კომიტეტი, რომელიც გასცემს რეკომენდაციებს ხელშეკრულების მე-3 და მე-5 მუხლების განხორციელებისთვის საჭირო ღონისძიებების შესახებ.

მუხლი 10

მხარეებს შეუძლიათ ერთსულოვანი შეთანხმებით, ხელშეკრულებაზე მისაერთებლად, მოიწვიონ ნებისმიერი სხვა ევროპული სახელმწიფო, რომელსაც შესწევს უნარი ხელი შეუწყოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პრინციპების განმტკიცებას და შეიტანოს წვლილი ჩრდილოატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში. მიწვეული ქვეყანა შეიძლება გახდეს ხელშეკრულების მხარე ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისთვის მიერთების სიგელის გადაცემით. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა აღნიშნულის შესახებ აცნობებს ხელშეკრულების მონაწილე თითოეულ მხარეს.

მუხლი 11

მხარეები მოახდენენ აღნიშნული ხელშეკრულების რატიფიცირებას და განახორციელებენ მის დებულებებს მათი კონსტიტუციური პროცედურების შესაბამისად. რატიფიცირების სიგელები რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადაეცეს  ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას, რომელიც ხელშეკრულების ყველა სხვა ხელმომწერს აცნობებს ყოველი რატიფიცირების სიგელის მიღების შესახებ. ხელშეკრულება ძალაში შედის სახელმწიფოებს შორის, რომლებმაც მოახდინეს ხელშეკრულების რატიფიცირება, როგორც კი ხელმომწერ სახელმწიფოთა უმრავლესობა, მათ შორის, ბელგია, კანადა, საფრანგეთი, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, გაერთიანებული სამეფო და ამერიკის შეერთებული შტატები მოახდენს რატიფიცირების სიგელების გადაცემას, ხოლო, სხვა სახელმწიფოების მიმართ ხელშეკრულება ძალაში შევა მათი რატიფიცირების თარიღიდან.(3)

მუხლი 12

ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან ათი ან მეტი წლის შემდგომ, ნებისმიერი მხარის მოთხოვნის შემთხვევაში, მხარეები გამართავენ ერთობლივ კონსულტაციებს ხელშეკრულების გადახედვის მიზნით, იმ ფაქტორების გათვალისწინებით, რომლებიც იმ დროს გავლენას ახდენენ ჩრდილოატლანტიკურ სივრცის მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე, მათ შორის, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების შესაბამისად ჩამოყალიბებულ გლობალურ და რეგიონულ  მექანიზმებს.

მუხლი 13

ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 20 წლის გასვლის შემდეგ, ნებისმიერ მონაწილე მხარეს შეუძლია ხელშეკრულებიდან გასვლა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისთვის დენონსაციის შესახებ შეტყობინების წარდგენიდან ერთი წლის შემდეგ, რომელიც, თავის მხრივ,  დენონსაციის შესახებ ამცნობს ხელშეკრულების ყველა სხვა მხარეს.

მუხლი 14

წინამდებარე ხელშეკრულება, რომლის ინგლისური და ფრანგული ტექსტები თანაბრად ავთენტურია, შეინახება ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის არქივში. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა ხელშეკრულების სათანადოდ დამოწმებულ ასლებს გადასცემს ხელმომწერი მხარეების მთავრობებს.

  1. იმ ტერიტორიების განსაზღვრება, რომლებზეც ვრცელდება ამ ხელშეკრულების მე-5 მუხლი გადახედილ იქნა 1951 წლის 22 ოქტომბერს ხელმოწერილი საბერძნეთისა და თურქეთის გაწევრიანების შესახებ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ოქმის მე-2 მუხლით.
  2. 1963 წლის 16 იანვარს ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ აღნიშნა, რომ ხელშეკრულების ის პუნქტები, რომლებიც ეხებოდა საფრანგეთის ყოფილ ალჟირის დეპარტამენტებს, ძალადაკარგულია 1962 წლის 3 ივლისიდან.
  3. ხელშეკრულება ძალაში შევიდა 1949 წლის 24 აგვისტოს ყველა ხელმომწერი ქვეყნის მიერ რატიფიცირების სიგელის გადაცემის შემდეგ.