ურთიერთობები საქართველოსთან
საქართველო ნატოს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია. ის ისწრაფვის ალიანსში გაწევრიანებისკენ. დროთა განმავლობაში ნატოსა და საქართველოს შორის პრაქტიკული თანამშრომლობის ფართო სპექტრი განვითარდა, რომელიც მიმართულია საქართველოს მიერ რეფორმების დარგში გაწეული ძალისხმევის მხარდაჭერისკენ და მის მიერ დასახული მიზნის, ნატოში გაწევრიანების, ხელშეწყობისკენ. ქვეყანას საკუთარი წვლილი შეაქვს ნატოს ეგიდით გამართულ ოპერაციაში ''ზღვის მცველი'' (Sea Guardian) და გარდა ამისა იგი თანამშრომლობს ალიანსის მოკავშირეებთან და სხვა პარტნიორ ქვეყნებთან ბევრ სხვა სფეროში.

- საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წელს აღიდგინა. მომდევნო წელს ნატომ ურთიერთობა დაამყარა ქვეყანასთან, მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი შეუერთდა ჩრდილოატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოს. დიალოგის აღნიშნული ფორუმი 1997 წელს ჩაანაცვლა ევრო-ატლანტიკური პარტნიორობის საბჭომ, რომელიც ევრო-ატლანტიკურ სივრცეში არსებულ ყველა მოკავშირესა და პარტნიორ ქვეყანას კრებს.
- პრაქტიკული ხასიათის ორმხრივი თანამშრომლობა დაიწყო საქართველოს „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ პროგრამასთან შეერთებისთანავე (1994 წ.) ხოლო 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ იგი უფრო გაღრმავდა, როდესაც ახალმა მთავრობამ უფრო ამბიციური რეფორმების გატარება დაიწყო.
- 2008 წლის აპრილში, ბუქარესტის სამიტზე ალიანსის წევრები შეთანხმდნენ, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი იმ პირობით, თუკი ის დააკმაყოფილებს ყველა აუცილებელ მოთხოვნას. ეს გადაწყვეტილება დადასტურდა ნატოს ყველა მომდევნო სამიტზე. ალიანსი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს უფლებას გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და საგარეო პოლიტიკა, დამოუკიდებლად.
- 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრის შემდეგ, მოკავშირეები კვლავ აგრძელებენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ალიანსი მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს საქართველოდან, მისი თანხმობის გარეშე განლაგებული ძალები და გააუქმოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.
- 2008 წლიდან მოყოლებული ნატო-საქართველოს კომისია (NGC) უზრუნველყოფს მჭიდრო პოლიტიკური დიალოგისა და თანამშრომლობის პლატფორმას ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების ძალისხმევისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდასაჭერად. ალიანსში საბოლოო გაწევრიანებისთვის მზადება წარმოებს რეგულარული წლიური ეროვნული პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების გზით. 2018 წლის ივლისში სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურები შეიკრიბნენ შეხვედრაზე საქართველოსთან, სადაც მიიღეს დეკლარაცია NGC-ის ათი წლისთავის იუბილეს აღსანიშნავად.
- 2014 წლის ნატოს უელსის სამიტზე საქართველომ მიიღო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და ალიანსში გაწევრიანებისთვის მომზადებას. 2020 წლის დეკემბერში მიღებულ იქნა ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტი (SNGP), რომელმაც ახალი ვადები დააწესა და შემოიტანა განახლებული ამბიციები.
- 2022 წლის მადრიდის სამიტზე მოკავშირეებმა მხარი დაუჭირეს საქართველოზე მორგებულ მხარდაჭერის ღონისძიებების ერთობლიობას, ვინაიდან საქართველო როგორც, ნატოს ერთ-ერთი პარტნიორი გარე საფრთხეების და უსაფრთხოების არსებულ გარემოში ჩარევის უშუალო გავლენას განიცდის, რაც გამოწვეულია რუსეთის აგრესიული ომით უკრაინის წინააღმდეგ.
- ნატოს სამეკავშირეო ოფისი 2010 წელს გაიხსნა საქართველოში, ქვეყნის რეფორმებისკენ მიმართული ძალისხმევის და ნატოსთან თანამშრომლობის პროგრამის მხარდაჭერის მიზნით.
- ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში პასუხისმგებელია ნატოს პარტნიორობის პოლიტიკის საერთო კოორდინაციაზე ამ ორ, სტრატეგიულად მნიშვნელოვან, რეგიონში.
- თანამშრომლობის საკვანძო სფეროები
- ნატოს სამეკავშირეო ოფისი
- რეაგირება რუსეთის აგრესიაზე საქართველოს წინააღმდეგ
თანამშრომლობის საკვანძო სფეროები
საქართველოს თანამშრომლობა ნატოსთან ურთიერთსასარგებლოა და მოიცავს:
შესაძლებლობებისა და ურთიერთთავსებადობის ამაღლებას
ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი (SNGP)
ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი (SNGP) საქართველოსა და ნატოს შორის არსებული პრაქტიკული თანამშრომლობის მთავარი ბერკეტია. პაკეტი პირველად ამოქმედდა 2014 წელს და მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდას ნატოს სტანდარტების შესაბამისად და საქართველოს დახმარებას ნატოში საბოლოო გაწევრიანებისთვის მზადების პროცესში.
ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი გამიზნულია შემდეგი ამოცანების მხარდასაჭერად:
- შეასრულოს საქართველოს თავდაცვითი რეფორმების კატალიზატორის როლი;
- გაზარდოს საქართველოს ურთიერთთავსებადობა ნატოსთან;
- მხარი დაუჭიროს საქართველოს ძალისხმევას ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების პროცესში მონაწილეობისას;
- გაზარდოს ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა;
- გაზარდოს საქართველოს მედეგობა;
- გააძლიეროს საქართველოს უწყებათაშორისი კოორდინაცია და ურთიერთქმედება; და
- დააახლოვოს საქართველო ალიანსთან.
2020 წელს ნატომ საქართველოს საგარეო საქმეთა, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებთან და ასევე საქართველოს თავდაცვის ძალებთან და სანაპირო დაცვასთან ერთად საფუძვლიანი შეფასება ჩაატარა. ამ შეფასებამ განაპირობა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განახლება, რომელიც დამტკიცებულ იქნა საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ 2020 წლის დეკემბერში. განახლებული პაკეტი კვლავაც მოიცავს მრავალ სფეროს (ჰაერი, ხმელეთი, ზღვა, კიბერსივრცე) და მოიაზრებს მხარდაჭერის ღონისძიებებს ტაქტიკურ, ოპერატიულ და სტრატეგიულ დონეებზე. მათ შორის ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნების რეგულარულ ჩატარებას.
განახლებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი შედგება 16 ინიციატივისგან, რომელთაგან სამი 2020 წელს დაემატა. ეს სამი ინიციატივა მიზნად ისახავს საქართველოს მხარდაჭერას სწრაფად მობილიზებადი სამხედრო-სამედიცინო შესაძლებლობების განვითარებაში; გაზარდოს საქართველოში ინგლისური ენის შესწავლის დონე; და გააუმჯობესოს კოდიფიცირებისა და სტანდარტიზაციის სისტემა, რაც უზრუნველყოფს საქართველოს ახალი თავდაცვის პროექტებისა და პროგრამების ნატოს მოთხოვნებთან თავსებადობის კიდევ უფრო მაღალ დონეს.
გარდა ამისა, როგორც 2023 წლის ვილნიუსის სამიტზე გამოცხადდა, გაძლიერებულმა პაკეტმა განავითარა ახალი ინიციატივები კრიზისების მართვის, კიბერუსაფრთხოების, სამხედრო ინჟინერიისა და უსაფრთხო კომუნიკაციების სფეროებში, აგრეთვე სასწავლო ცენტრებისა და ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული (ქბრბ) თავდაცვის მიმართულებით.
გაიზარდა მიმდინარე ინიციატივების, მათ შორის წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის მეშვეობით განხორციელების მისწრაფებაც. აღნიშნული ინიციატივები მიზნად ისახავს საქართველოსა და ნატოს შორის არსებული კომუნიკაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, საქართველოს კიბერ თავდაცვის გაძლიერებას და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესებას (ხმელეთზე, ჰაერსა და ზღვაზე). განახლებული საავიაციო და საზღვაო ინიციატივები ასევე ემსახურება საქართველოს მიერ სიტუაციური ინფორმირებულობის გაუმჯობესებას. საქართველო და ნატო შეთანხმდნენ ყველა აღნიშნული, ახალი თუ განახლებული, ინიციატივების საბოლოო მიზნებზე და მათი განხორციელების კონკრეტულ, დეტალურ გეგმებზე მომავალი წლების განმავლობაში.
საქართველოში არსებული ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი მასპინძლობს ცოცხალ და სიმულირებულ საწვრთნელ ღონისძიებებსა და ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნებისგან სამხედრო ერთეულების სერტიფიცირების პროცესს. ნატო-საქართველოს წვრთნები ბოლოს 2022 წლის მარტში ჩატარდა, ხოლო შემდეგი წვრთნების ჩატარების დრო განისაზღვრა 2025 წლის მარტის პერიოდით. ალიანსის წევრებმა გამოყვეს დაფინანსება ცენტრისთვის გარკვეული რაოდენობის სატრანსპორტო საშუალების შესაძენად.
საქართველოზე მორგებული მხარდაჭერის ღონისძიებები უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის შემდგომ
2022 წლის მადრიდის სამიტზე მოკავშირეებმა მხარი დაუჭირეს საქართველოზე მორგებული მხარდაჭერის ღონისძიებების ერთობლიობას, ვინაიდან ნატოს ეს ერთ-ერთი პარტნიორი გარე საფრთხეების და უსაფრთხოების არსებულ გარემოში ჩარევის უშუალო გავლენას განიცდის, რაც გამოწვეულია რუსეთის აგრესიული ომით უკრაინის წინააღმდეგ.
ეს ღონისძიებები ზრდის საქართველოს, როგორც პოლიტიკურ, ასევე პრაქტიკულ მხარდაჭერას. პოლიტიკური ზომები საქართველო-ნატოს შორის დიალოგის გააქტიურებას ისახავს მიზნად. პრაქტიკული ღონისძიებები კი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს საქართველოს საბჭოთა ეპოქის ტექნიკიდან ნატოს დღევანდელ სტანდარტებთან შესაბამის აღჭურვილობაზე გადასვლის დაჩქარებას და გააძლიეროს საქართველოს მხრიდან სიტუაციური ინფორმირებულობა.
ნატოს მხარდაჭერის ღონისძიებების გარკვეული ნაწილი იმოქმედებს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში არსებულ ინიციატივებზე დაყრდნობით, თუმცა შესაძლოა ახალი ინიციატივებიც გაჩნდეს, მაგალითად, საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული (ქბრბ) თავდაცვისდაცვის სფეროში.
სხვა ინიციატივები
პროფესიული განვითარების პროგრამა სამოქალაქო პერსონალისათვის, რომელიც პირველად ამოქმედდა 2009 წელს, მიმართულია დემოკრატიული მართვისა და ზედამხედველობის შესაძლებლობების გაძლიერებაზე თავდაცვის სამინისტროსა და უსაფრთხოების სექტორის სხვა ინსტიტუტებში.
საქართველო მონაწილეობს კეთილსინდისიერების ამაღლების ინიციატივაში, რომელიც უზრუნველყოფს პრაქტიკულ დახმარებას და კონსულტაციებს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში კეთილსინდისიერების, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გასაძლიერებლად. საქართველო ასევე ჩართულია ნატოს თავდაცვის განათლების გაუმჯობესების პროგრამაში, რომელიც მიზნად ისახავს განათლებისა და წვრთნების გაუმჯობესებას საქართველოს თავდაცვის ეროვნულ აკადემიასა და სამხედრო აკადემიაში.
საქართველო ერთ-ერთია იმ ხუთ ქვეყანას შორის, რომლებიც სარგებლობენ მოკავშირეებთან დიალოგისა და თანამშრომლობის გაზრდილი შესაძლებლობებით (ე. წ. 'გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორები'), რაც განპირობებულია ნატოს ოპერაციებში და ალიანსის სხვა მიზნებში მათ მიერ შეტანილი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, წვლილით. გაძლიერებული შესაძლებლობების სტატუსით მოსარგებლე სხვა პარტნიორები არიან: ავსტრალია, იორდანია, შვედეთი და უკრაინა.
გარდა ამისა საქართველო ავითარებს საკუთარ შესაძლებლობებს და ურთიერთთავსებადობას ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში მონაწილეობის მეშვეობით.
ნატოს ხელმძღვანელობით წარმოებული ოპერაციების მხარდაჭერა
- საქართველოს კონტიგენტი მონაწილეობდა კოსოვოს სამშვიდობო ძალებში (KFOR) 1999 წლიდან 2008 წლამდე, ასეულის ზომის შენაერთის სახით გერმანული ბრიგადის შემადგენლობაში და ქვეითთა ოცეულის სახით თურქულ საბატალიონო ოპერატიულ-ტაქტიკურ ჯგუფში.
- საქართველო ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ქვეყანა ავღანეთის საერთაშორისო უსაფრთხოების დამხმარე ძალებში, რომლის მისიაც დასრულდა 2014 წელს. იგი ასევე ერთ-ერთი უდიდესი კონტრიბუტორი იყო შემდგომ დაწყებულ „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში (2015-2021 წწ.), რომელიც მიზნად ისახავდა ავღანეთის ძალების გაწვრთნას, კონსულტირებასა და დახმარებას.
- საქართველომ მონაწილეობა მიიღო ოპერაციაში „აქტიური ძალისხმევა“, ხმელთაშუა ზღვაში გამართულ კონტრტერორისტულ საზღვაო სათვალთვალო ოპერაციაში, მეტწილად სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლის კუთხით. 2016 წლიდან ქვეყანა მხარს უჭერს საზღვაო სიტუაციური ინფორმირებულობის პროცესს საზღვაო ოპერაციის, „ზღვის მცველის“ კონტექსტში.
უფრო ფართო თანამშრომლობა
- სატრასტო ფონდის რამდენიმე პროექტი, რომელსაც მხარს ინდივიდუალური მოკავშირეები და პარტნიორი ქვეყნები უჭერენ, საქართველოს დაეხმარა ზედმეტი და მოძველებული იარაღისა და საბრძოლო მასალების მარაგის უსაფრთხო განკარგვაში, ნაღმებისა და აუფეთქებელი საბრძოლო მასალების განაღმვაში მათ შორის სკრაში (გორის მახლობლად) განლაგებულ საბრძოლო მასალის საცავში.
- ნატოს მხარდაჭერით საქართველო ზრდის ეროვნულ სამოქალაქო მზადყოფნას და მედეგობას. კატასტროფებზე რეაგირების ევრო-ატლანტიკურ საკოორდინაციო ცენტრთან (EADRCC) პრაქტიკული თანამშრომლობა ასევე აძლიერებს კრიზისების მართვის შესაძლებლობებს და ურთიერთთავსებადობას, რაც საშუალებას აძლევს საქართველოს თავისი წვლილი შეიტანოს კატასტროფების დროს დახმარებისაკენ მიმართულ არაერთ საერთაშორისო ძალისხმევაში. EADRCC-მ კოორდინირება გაუწია საქართველოსთვის მიწისძვრისა და ტყის ხანძრების შემდგომ გაწეულ საჭირო დახმარებას.
- 1994 წლიდან საქართველო აქტიურად არის ჩართული მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის პროგრამაში. საქართველოს წინამძღოლობით განხორციელებული აქტივობები შეეხო გამოწვევების ფართო სპექტრს, სახელდობრ გარემოს დაცვით და ენერგოუსაფრთხოების, კონტრტერორიზმის, კიბერთავდაცვის სფეროებში, ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული (ქბრბ) აგენტებისგან თავდაცვის დარგში და ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების სფეროში. კერძოდ, ექსპერტები საქართველოდან მონაწილეობენ ზემოდან მომავალი ინიციატივის პროექტში, რომელიც მიზნად ისახავს ინოვაციური პლატფორმის შემუშავებას, ქიმიური და ბიოლოგიური ტერორისტული თავდასხმის შემთხვევაში კრიზისების სწრაფი და ეფექტური მართვისთვის.
ნატოს სამეკავშირეო ოფისი საქართველოში
ნატოს სამეკავშირეო ოფისი, საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნით, 2010 წლის ოქტომბერში გაიხსნა. ოფისი, ნატოს ოფიციალური დიპლომატიური მისია და წარმომადგენლობაა საქართველოში.
ოფისის ძირითადი ამოცანები მოიცავს:
- საქართველოს მთავრობისთვის რჩევებისა და დახმარების გაწევა ნატოში ინტეგრაციისთვის საჭირო სამოქალაქო და სამხედრო რეფორმების მხარდასაჭერად;
- კონსულტაციის გაწევა ნატოსა და საქართველოსთვის, თანამშრომლობის პროგრამებისა და აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელების შესახებ;
- საქართველოს, ნატოს, მოკავშირეთა და პარტნიორ ხელისუფლებებთან მუშაობა თანამშრომლობის გასაღრმავებლად, საქართველოს ნატოს სრულუფლებიანი წევრის მიზნის მისაღწევად; და
- ნატოს და მოკავშირეთა ორმხრივი და მრავალმხრივი პროექტების, ღონისძიებებისა და ვიზიტების მხარდაჭერა.
ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში პასუხისმგებელია ნატოს პარტნიორობის პოლიტიკის საერთო კოორდინაციაზე ამ ორ რეგიონში. სპეციალური წარმომადგენელი მჭიდროდ თანამშრომლობს რეგიონის ლიდერებთან, რათა გააძლიეროს მათი თანამშრომლობა ალიანსთან და ასევე უზრუნველყოფს ნატოს სამეკავშირეო ოფისის მხარდაჭერას საქართველოში (რომელსაც აქვს რეგიონული სამხრეთ კავკასიის მანდატი).
რეაგირება რუსეთის აგრესიაზე საქართველოს წინააღმდეგ
2008 წლის 19 აგვისტოს გამართულ საგანგებო სხდომაზე ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოუწოდეს კონფლიქტის მშვიდობიანი და გრძელვადიანი გადაწყვეტისკენ, საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვით, რომელიც აღიარებულია საერთაშორისო სამართლისა და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით. მათ დაგმეს ძალის გამოყენება, რომელიც არ შეესაბამება კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების ვალდებულებებს, რომლებიც საქართველომაც და რუსეთმაც აიღეს პარტნიორობა მშვიდობისთვის პროგრამის ფარგლებში, ისევე როგორც სხვა საერთაშორისო შეთანხმებებიდან გამომდინარე, მათ შორის ნატო-რუსეთის დამფუძნებელი აქტი და რომის დეკლარაცია. მოკავშირეებმა განსაკუთრებული შეშფოთება გამოთქვეს რუსეთის არაპროპორციული სამხედრო მოქმედებების გამო სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში და მოითხოვეს მისი ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანა ამ ტერიტორიებიდან, როგორც ეს ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული ექვსპუნქტიანი შეთანხმების პირობებით არის გათვალისწინებული.
საქართველოს მოთხოვნით, მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ უზრუნველყონ მხარდაჭერა რიგ სფეროებში: როგორიცაა სამოქალაქო ინფრასტრუქტურისა და თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალებისთვის მიყენებული ზიანის შეფასება; საჰაერო მიმოსვლის სისტემის აღდგენის მხარდაჭერა; და კიბერთავდაცვის საკითხებზე კონსულტაციები.
2008 წლის 27 აგვისტოს მოკავშირეებმა დაგმეს რუსეთის გადაწყვეტილება საქართველოს რეგიონების, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შესახებ და მოითხოვეს მისი გაუქმება. ისინი კვლავ აგრძელებენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ისინი არ ცნობენ არჩევნებს, რომელიც მას შემდეგ ჩატარდა ამ რეგიონებში და არც ე.წ. ხელშეკრულებების ხელმოწერას რუსეთსა და ამ რეგიონებს შორის.
გარდა ამისა, ალიანსი მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს ის ძალები, რომლებიც განთავსებულია საქართველოში მისი თანხმობის გარეშე; შეწყვიტოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მილიტარიზაცია და მცდელობა, ძალით გამოყოს ეს რეგიონები დანარჩენი საქართველოსგან, საზღვრის მსგავსი დაბრკოლებების მშენებლობით; და შეწყვიტოს ადამიანის უფლებების დარღვევა, მათ შორის საქართველოს მოქალაქეების თვითნებური დაკავება და შევიწროება.
მოკავშირეები მიესალმებიან საქართველოს ძალისხმევას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონებთან კონფლიქტის დიპლომატიური საშუალებებით (ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ჩათვლით) გადაწყვეტის მიმართულებით და ასევე შერიგების გზით (როგორიცაა სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“).